ღრძილის დაავადებების გამომწვევ მიზეზებს შორისაა გენეტიკური მიდრეკილება, მწეველობა და ისეთი დაავადებები, როგორიცაა, მაგალითად, დიაბეტი. როგორც წესი, პაროდონტიტის თავიდან არიდება შესაძლებელია პირის ღრუს ჰიგიენის დაცვით. თუმცა ის, რაც გინგივიტით (ღრძილების ანთება ან სისხლდენა) იწყება, შესაძლოა, სწრაფად იქცეს პაროდონტიტად. ასეთ შემთხვევაში, ღრძილი კბილს შორდება და ე.წ. ჯიბეებს ქმნის. შედეგად, ფესვთან ინფექცია ადვილად აღწევს. პაროდონტიტმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუში არასასიამოვნო სუნი, კბილის დაკარგვა, ტკივილი ღეჭვის დროს და სხვა გართულებები.
პაროდონტიტის მკურნალობის ამოცანა არის ჯიბეების საფუძვლიანად გაწმენდა ისე, რომ პაციენტი დავიცვათ ძვლის დაზიანებისგან. მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღწევად, მნიშვნელოვანია მოწევის შეწყვეტა და პირის ღრუს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა. პაროდონტიტის სიმწვავიდან გამომდინარე, პაციენტებს ვურჩევთ არაქირურგიულ ან ქირურგიულ მკურნალობას.
არაქირურგიული მკურნალობა
პაროდონტიტის ნაკლებად მწვავე ფორმების შემთხვევაში, პაციენტებს ვურჩევთ არაქირურგიულ მკურნალობას. კერძოდ, ესენია:
-
სქეილინგი. სქეილინგი გულისხმობს ნადებისა და ბაქტერიებისგან კბილისა და ღრძილსა და კბილს შორის ზედაპირის გაწმენდას. სქეილინგისას მივმართავთ მექანიკურ (ინსტრუმენტებით), ლაზერისა და ულტრაბგერითი მოწყობილობებით წმენდას.
-
ჯიბეების კიურეტაჟი. ამ დროს ვასუფთავებთ ფესვის ზედაპირს მასზე ნადებისა და ბაქტერიების დაგროვების შესაფერხებლად. ამ დროს კბილის ირგვლივ ქსოვილებსა და ჯიბეებს ვათავისუფლებთ მიკრო ორგანიზმებისაგან და დაშლილი და დაინფიცირებული ქსოვილებისგან.
-
ანტიბიოტიკები. ზედაპირული ან პირის ღრუს ანტიბიოტიკები აკონტროლებს ბაქტერიული ინფექციის გავრცელებას. ზედაპირული ანტიბიოტიკები მოიცავს ანტიბიოტიკების შემცველ პირის ღრუს სავლებებსა და გელებს. გელი შეგვყავს კბილსა და ღრძილს შორის სივრცეში ან ჯიბეებში ღრმა წმენდის შემდეგ.
ქირურგიული მკურნალობა
თუ თქვენი პაროდონტიტის ფორმა მძიმეა, მაშინ, შესაძლოა, მკურნალობის საუკეთესო გზა ქირურგიულ ჩარევას ითვალისწინებდეს. ასეთი ჩარევებია:
-
ჯიბეების სიღრმის შემცირება. ამ ჩარევის დროს ღრძილზე მცირე განაკვეთი კეთდება ისე, რომ ღრძილის ქსოვილი გაიწიოს და ფესვის წმენდა თუ ღრმა წმენდა უფრო შედეგიანი გახდეს. რადგან პაროდონტიტი ხშირად ძვლოვანი ქსოვილის დაკარგვას იწვევს, შესაძლოა, საჭირო გახდეს ძვლის ქსოვილის აღდგენა მანამ, სანამ ღრძილის ქსოვილს უკან დავაბრუნებთ. მკურნალობის ამ კურსის დასრულების შემდეგ, ამ ადგილების წმენდა და ღრძილის დაცვა გაადვილდება.
-
რბილი ქსოვილის გადანერგვა. როცა ღრძილის ქსოვილი განილევა, ღრძილი ზემოთ იწევს. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, საჭირო გახდეს დაკარგული ქსოვილის აღდგენა. ქირურგიული ჩარევისას ქსოვილს ვიღებთ პაციენტის სასიდან და დაზიანებულ ღრძილზე ვაფიქსირებთ. ეს ჩარევა პაციენტს ღრძილის შემდგომი დაზიანებისგან იცავს, ფარავს გაშიშვლებულ ფესვს და კბილს უფრო სასიამოვნო ვიზუალს სძენს.
-
ძვლის ქსოვილის აღდენა. ეს პროცედურა მაშინ ხდება საჭირო, როცა პაროდონტიტი ფესვის მიმდებარე ძვლოვან ქსოვილს შლის. გადანერგვა შესაძლებელია პაციენტის ძვლის ან ხელოვნური ძვლის საშუალებით. ძვლის ქსოვილის აღდგენა/გადანერგვა კბილის დაკარგვის პრევენციის მიზნით ტარდება.
-
ქსოვილის რეგენერაცია. ეს პროცედურა ბაქტერიების მიერ დაზიანებული ძვლის აღდგენას ითვალისწინებს ბიოთავსებადი ქსოვილის ძვალსა და კბილს შორის მოთავსებით. ჩვენ მიერ შეყვანილმა ქსოვილმა მავნე ქსოვილების დაზიანებულ ნაწილში შეღწევას უნდა შეუშალოს ხელი ისე, რომ ძვალს აღდგენის საშუალება მიეცეს.
-
ქსოვილის მასტიმულირებელი პროტეინები. კიდევ ერთი ხერხი ითვალისწინებს სპეციალური გელის მოთავსებას დაზიანებულ ფესვზე. ეს გელი შეიცავს იმავე პროტეინებს, რომლებიც კბილის ემალის განვითარებაში იღებს მონაწილეობას და მკურნალობისას ჯანსაღი ძვლის აღდგენას უწყობს ხელს.