top of page

ქირურგიული ჩარევა მკურნალობის სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება გახდეს საჭირო. მაგალითად, ასეთი შემთხვევებია პაროდონტიტის მკურნალობა, კისტის ექსტრაქცია ან იმპლანტის ჩასმა. ქირურგიული ჩარევა საჭირო ხდება დაავადებული ან პრობლემური კბილების ექსტრაქციის დროსაც. 

ცისტექტომია

კისტა ინფექციის ან ტრავმის შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს და, როგორც წესი, პაციენტისთვის მისი არსებობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩება. დიაგნოსტირების შემდეგ, მკურნალობის ერთი გზა ქირურგიული ჩარევაა. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, მივმართავთ ცისტექტომიას. ცისტექტომიის დროს სრულად იკვეთება კისტა და მისი კაფსულა. კისტის ზომიდან გამომდინარე, ქირურგიულმა ჩარევამ შეიძლება მოიცვას ერთი, ორი ან ოთხი კბილიც კი. 

კისტის პოზიციონირებიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში, კისტის ამოკვეთას თან ახლავს კბილის ნაწილის ან სრული ამოკვეთა. 

ღრძილის ფორმის შეცვლა

თუ თქვენი ღრძილები ზედმეტად ეფარება კბილს ან არასაკმარისად ფარავს კბილს, მაშინ, შესაძლოა, თქვენთვის რეკომენდირებული იყოს ღრძილის ფორმის შეცვლა. ეს ქირურქგიული ჩარევა იძლევა სასურველ ესთეტიურ ეფექტს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ღრძილის ფორმის ცვლილების ეფექტი ღრძილისა და კბილების ჯანმრთელობაზე - სწორი დგომის ღრძილი იცავს კბილს დაზიანებისგან და პირიქით - არასწორი დგომის შემთხვევაში, იზრდება კბილების დაზიანების რისკი. 

გადმოზრდილი ღრძილის კორექტირება შესაძლებელია ადგილობრივი ანესთეზიით და კონტურის შეცვლა შესაძლებელია როგორც ლაზერის, ასევე, რეზექციის საშუალებით. პოსტ ოპერაციული პერიოდი რამდენიმე კვირა გრძელდება, მაგრამ, როგორც წესი, უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

ღრძილების რეცესია შედარებით მწვავე პრობლემაა. მისი ქირურგიული მკურნალობის გამართლებული მეთოდი პაციენტის სხვა კბილიდან ან სასიდან ღრძილის გადანერგვაა. პოსტ ოპერაციული პერიოდი დაახლოებით 6 თვე გრძელდება.

კბილის ექსტრაქცია

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კლინიკაში ყველა გზას მივმართავთ ბუნებრივი კბილის გადასარჩენად, რიგ შემთხვევებში, კბილის ექსტრაქცია აუცილებელი ხდება. კბილის ექსტრაქცია საჭიროა, თუ კბილის ფესვის აღდგენა და შენარჩუნება შეუძლებელია, როცა საქმე გვაქვს პაროდონტიტის მწვავე ფორმასთან. რიგ შემთხვევებში, რეკომენდირებულია პრობლემური სიბრძნის კბილის ამოღება.

კბილის დაკარგვა არასასურველია და უსიამოვნოა პაციენტისთვის. თუმცა, საბედნიეროდ, თანამედროვე სტომატოლოგია კბილის აღდგენის მრავალფეროვან გზებს გვთავაზობს. გამომდინარე იქედან, თუ რომელი კბილის ექსტრაქცია გვიწევს, პაციენტს კბილის ჩანაცვლების სხვადასხვა მეთოდს ვურჩევთ და მკურნალობის გეგმას პაციენტთან ერთად შევიმუშავებთ. 

ძვლის ქსოვილის აღდგენა

 

არსებობს შემთხვევები, როცა კარიესის მძიმე ფორმა ძვლის ქსოვილის დაზიანებას და საბოლოოდ - მის დაკარგვას იწვევს. ძვლის დაკარგვის მიზეზი მწვავე პაროდონტიტიც შეიძლება იყოს. ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. ძვლის ქსოვილის აღდგენას ხშირად მივმართავთ იმპლანტის ჩასმის დროსაც.

ძვლის ქსოვილის აღდგენისას ვიყენებთ ხელოვნურ ძვალს ან პაციენტის ძვალს ყბის სხვა ნაწილიდან. ამის შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს ჩანერგილი ძვლის ქსოვილის ინტეგრაცია არსებულ ძვლის ქსოვილთან. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მცირე ზომის ძვლის ქსოვილის ჩანერგვას საჭიროებს, იმპლანტის ჩასმა იმავე დღეს არის შესაძლებელი. ძვლის ქსოვილის აღდგენის პოსტ ოპერაციულ პერიოდში მნიშვნელოვანია ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება და პირის ღრუს ჰიგიენის საფუძვლიანად დაცვა. ამ პერიოდში თავი უნდა შეიკავოთ მყარი საკვების მიღებისგან.

bottom of page